ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში, ბრძოლა გრძელდება. ტოშკივკას დასახლების ტერიტორიაზე რუსული ძალების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან პოკროვსკოეს, ბერესტვოიეს, ზოლოტოე-4-ის, ვრუბოვკას, მაისკოეს, იაკოვლევკასა და დოლომიტნოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ამასთან, პოკროვსკოეს, ვოზროჟდენიესა და იაკოვლევკას დასახლებებზე ავია დარტყმები „კა-52“ ტიპის შვეულმფრენებით განხორციელდა,“- აცხადებენ გენშტაბში.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.