ამერიკის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, უკრაინამ უკვე მიიღო $1 მილიარდის დახმარება, კიდევ $7,5 მილიარდი კი გზაშია. შესაბამისი ტექსტი ელჩის Twitter გვერდზე განთავსდა.
„უკრაინის გვერდით დგომა ნიშნავს მისი ეკონომიკის გაძლიერებას. 1 მილიარდი დოლარის პირდაპირი მხარდაჭერა უკვე აქ არის, რათა უკრაინა და მისი ხალხი წინ წავიდნენ, და კიდევ, 7,5 მილიარდი დოლარი გზაშია. ჩვენი დახმარება მიეწოდება მათ, ვისაც ეს სჭირდება და მხარს უჭერს სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინას", - წერს ამერიკელი დიპლომატი.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6 მილიარდის ოდენობით უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია.
- ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ჩავიდა
- ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინა სარაკეტო სისტემების მოქმედების დიაპაზონს თავად განსაზღვრავს
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.