უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რადგან იქ წყდება უკრაინული დონბასის ბედი.
- უკრაინის შს სამინისტრო: ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება
- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს
„უკვე 105 დღეა, რაც სრულმასშტაბიანი ომია, სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, ვაყენებთ მნიშვნელოვან ზარალს მტერს. ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მადლიერია თითოეული მათგანის, ვინც ამ მიმართულებით უკრაინას იცავს. „ბევრი თვალსაზრისით, სწორედ იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - თქვა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.