შეერთებული შტატები თვალს ადევნებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და მზადაა, განაგრძოს საჭირო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების მიწოდება უკრაინისთვის, რათა კიევმა შეძლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის წინსვლას.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსების მიერ განხორციელებული აგრესიის ყოველი აქტით, უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის განადგურებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სევეროდონეცკისთვის მიმდინარე ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა იქ წყდება დონბასის ბედი და უკრაინელი სამხედროები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს.