უკრაინის გენშტაბი: დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ შვიდი შეტევის მოგერიება შეძლეს

ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

"დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ შვიდი შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 10 ტანკი. შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი დაჯავშნული მანქანა და საბრძოლო მასალის საწყობი. უკრაინის არმიამ შეძლო ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.

ამასთან უკრაინის ავიაციამ დარტყმები მიიტანა რუსეთის არმიის პოზიციებზე, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შეკრების ადგილებზე ხერსონის ხუთ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.