არესტოვიჩის თქმით, ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, იუწყება TSN.
 
„კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 [ადამიანი] იღუპებოდა. მაგრამ რუსეთის არმიაში პირველ 20-30 დღეში დანაკარგი 1000 [ადამიანი] იყო. ახლა დღეში 200-300 [რუსი] იღუპება, არანაკლები“, - განაცხადა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან საუბარში.
 
ფეიგინის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ასეთი გათვლებით, იმის თქმა, რომ უკრაინის არმიამ 10 ათასამდე მებრძოლი დაკარგა, არესტოვიჩმა უპასუხა: ”დიახ, სადღაც ასე”.

ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ ზარალის შესახებ 16 აპრილს განაცხადა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა CNN-ს, რომ ომის დროს 2500-დან 3000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 10000-მდე დაშავდა.
 
10 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ომში ყოველდღიურად 100-დან 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული ყოველდღიური მსხვერპლის მაქსიმალური რაოდენობა.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გამოაცხადა რუსული ჯარის საერთო დანაკარგების შესახებ, ბოლოს 25 მარტს. შემდეგ დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" დაწყებიდან 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 3825 ადამიანი დაშავდა.
 
BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ 10 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ხელისუფლებამ საჯაროდ დაადასტურა ინფორმაცია 3500-ზე მეტი დაღუპული სამხედროს შესახებ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.