გაეროს დამოუკიდებელი კომისია უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა

უკრაინის რადას ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევში გაეროს დამოუკიდებელი კომისია რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა. კომისიის წევრებს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მოადგილე ელენა კონდრატიუკი შეხვდა.

კომისიის ხელმძღვანელია ერიკ მესე, შემადგენლობაშია იასმინკა დჟუმხური და პაბლო დე გრეიფი. კონდრატიუკმა განაცხადა, რომ გაეროს დამოუკიდებელ კომისიას უკრაინის სახელმწიფო რადა დაეხმარება, რათა მისიის საქმიანობა წარმატებული იყოს.

მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში კომისიის მუშაობის სფეროები, რომლებიც შექმნილია ადამიანის უფლებების დარღვევის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულების გამოსაძიებლად. კომისიის მთავარი ამოცანაა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, მტკიცებულებების შეგროვება და მასალების მომზადება, რათა არავინ გადაურჩეს სასჯელს.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო აგრესიის გარდა, რუსეთი უკრაინაში უამრავ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, რაც მიუთითებს უკრაინელი ხალხის გენოციდზე.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.