მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა

უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

Spiegel-ის ცნობით, ბერლინი არ დაეთანხმა ესპანეთის მთავრობის გეგმებს, გერმანული წარმოების 40 ძველი „ლეოპარდის“ ტიპის საბრძოლო ტანკის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა წერს, ბერლინის თანხმობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა NATO-ს წევრი უკრაინას საბრძოლო ტანკებს მიაწვდიდა. გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სატელეფონო საუბრებში გააფრთხილა ესპანელები, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა ყველა დასავლელი მოკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან გადახვევა, რომელიც არ განიხილავს კიევისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას.

როგორც მედია წერს, ამჟამად მადრიდი უკრაინისთვის მხოლოდ 10 ერთეული ტანკის გადაცემას განიხილავს, თუმცა ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.