რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა- BBC

BBC-ს ცნობით, რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვამ ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში უზარმაზარი ხანძარი გამოიწვია. რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ აკონტროლებს აზოტის ქარხანას ქალაქში, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. 

„აზოტი არ არის ბლოკირებული, ქარხნის გვერდით, ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს“, - განუცხადა უკრაინულ ტელევიზიას სერჰი გაიდაიმ.

უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი და არის თუ არა ხანძარი ლიკვიდირებული. უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება აზოტის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებში. სევეროდონეცკში არსებული ვითარების აღწერისას გაიდაიმ თქვა, რომ რთული ვითარებაა, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება.

სევეროდონეცკი უკვე კვირებია, რაც რუსეთის აღმოსავლეთში შეჭრის ეპიცენტრია. რუსეთის ძალები ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. ბოლო დღეებში, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ამოეწურათ საბრძოლო მასალა და ახალ მარაგს დასავლეთიდან ელიან. პრეზიდენტმა ვოლოდიმრ ზელენსკიმ კვლავ ითხოვა მეტი იარაღი, იმის შიშით, რომ მის ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურებათ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.