უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირი კანდიდატის სტატუსი მიანიჭებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დიდი დიპლომატიური მარათონის“ დასკვნითი ეტაპი დღეს დაიწყო.
„ამ მარათონში ჩვენ რეალურად ვართ ევროკავშირთან ერთად - ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გააძლიეროს არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა პასუხს მალე მიიღებს.
გუშინ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა კიევში, განაცხადა, რომ უკრაინას მომავალ კვირას ეცნობება, შეძლებს თუ არა ბლოკში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.