ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს თეთრ სახლში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინის ომთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. CNN წერს, რომ მხარეები NATO-ს სამიტის მომზადებისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ, მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე, სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტებით იმყოფება. ალიანსის გენმდივანი შვედეთში დღეს ჩადის. მანამდე ის ფინეთში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.