ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა

ისმის კითხვა: რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე?! რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად?! მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ გაფრთხილებისა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. სიგნალები, რომლებსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილა უკრაინა, რომ ხვალ იქნება სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ისმის კითხვა, რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ასევე წაიკითხეთ: