მედვედევი: ვინ თქვა, რომ უკრაინა ორ წელიწადში იარსებებს მსოფლიო რუკაზე?

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ორ წელიწადში მსოლიო რუკაზე უკრაინის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა.

მედვედევის პოსტი ეძღვნება ცნობებს, რომლის თანახმადაც უკრაინამ შეერთებულ შტატებს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება Lend-Lease-ით ორ წელიწადში გადახდის პირობებით შესთავაზა.

აქ არის ერთი კითხვა და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? - წერს მედვედევი.

მედვედევმა არ დააკონკრეტა რა შეიძლება იყოს, მისი აზრით, მსოფლიო რუკაზე ორ წელიწადში უკრაინის არარსებობის მიზეზი . რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის რეგიონების აღება მის ტექსტში არ არის ნახსენები.

მანამდე მედვედევი ამტკიცებდა, რომ პოლონეთი „უკრაინის დაყოფის“ პროვოცირებას აპირებს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.