აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უკრაინაში ვიზიტისას, ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით, ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა სამშაბათს უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას განაცხადა, ვინ იქნებიან  ჯგუფის შემადგენლობაში, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულების მიმართულებით იმუშავებენ.

Ukraine's prosecutor general meets with U.S. counterpart

გარლანდის თქმით, გუნდს უხელმძღვანელებს ელი როზენბაუმი და ის ადამიანის უფლებების დარღვევასა და ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული გამოძიების ექსპერტებისგან დაკომპლექტდება.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, როზენბაუმი, იუსტიციის დეპარტამენტის 36 წლის ვეტერანი, ადრე მსახურობდა ადამიანის უფლებათა აღსრულების სტრატეგიისა და პოლიტიკის დირექტორად. ის დაეხმარა დეპარტამენტს 100-ზე მეტ საქმეში ბრალდებული ნაცისტებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში ან დეპორტაციაში.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიჰყვება ყველა გზას, რომელიც ომის დამნაშავეებს გამოავლენს. მათი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები და სხვა დანაშაულებები უკრაინაში. ჩვენს შიდა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იუსტიციის დეპარტამენტი დაუნდობელი იქნება ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში არაპროვოცირებული კონფლიქტის დროს ომის დანაშაულების, წამებისა და სხვა მძიმე დარღვევების თანამონაწილეა“, - განაცხადა გარლანდმა უკრაინაში.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ და აშშ-ის გენერალურმა სამართლებრივ სფეროში ერთობლივ ძალისხმევაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკულ მხარესა და ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს (JIT) შორის თანამშრომლობის ფორმატი, უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო, ძირითად საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.