ერთიანი ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე ძლიერია - ზელენსკი

„უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები განაგრძობენ მუშაობას, მიუხედავად რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მძიმე წნეხისა, უკრაინა მალე გაიმარჯვებს რუსეთზე, თუ საერთაშორისო საზოგადოება ამ ძალისხმევას შეუერთდება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქველმოქმედო ტელეთელონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მჯერა, რომ ერთად, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ომი ჩვენი გამარჯვებით რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც რუსეთმა გაანადგურა. გაერთიანებული ევროპა ნებისმიერ ტირანიაზე უდაოდ ძლიერია! ასეთი სასტიკი ომის დროსაც კი, უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტები შენარჩუნდა. ახლაც ვაფართოებთ ევროპულ ღირებულებებს - გუშინ უკრაინის პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„უკრაინაზე რუსეთის შეტევამ ჩვენს მეხსიერებაში ისტორიის ყველაზე ცუდი მოგონებები დააბრუნა. რუსული ბომბები ანადგურებს ქალაქებს. რუსი ჯარისკაცები ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ. რუსეთი უკრაინელების მასობრივ დეპორტაციასაც კი ახორციელებს.

ეს არის რუსეთის თავდასხმა მთელ თავისუფალ ევროპაზე - ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და კონვენციების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირებულებების განადგურებას!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.