კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - უკრაინული მედია

კვირას, 26 ივნისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, ისმოდა საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებები ქალაქ შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა. მერის ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები, ამჟამად მიმდინარეობს ორი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების გადარჩენა და ევაკუაცია.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ შევჩენკოვსკის რაიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა ცხრასართულიან კორპუსში.

„პირველი, მეორე და მესამე სართულების ნაწილობრივი განადგურდა. ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.