NATO რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ხავიერ კოლომინას განცხადებით, სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობა უდიდეს ზარალს განიცდის.
„კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს“, - ამბობს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.