უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს G7-ს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებით უპასუხოს.
„ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, ვიდრე მის სახლში რუსული საკრუიზო რაკეტა არ აფეთქდა. უკრაინაში კიდევ ბევრია დარტყმების ქვეშ. „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთს მეტი სანქცითა და უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდებით უნდა უპასუხოს. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს.
ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან.
სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა.
„ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - აღნიშნულია სამიტის პროგრამაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში სავარაუდოდ, ორშაბათს ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას.
კვირას, გამთენიისას, კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.