უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ.
ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„უკრაინა გრძნობს G7-ის ქვეყნების მხარდაჭერას. გმადლობთ უსაფრთხოების და ფინანსური დახმარებისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიდი შვიდეულის ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კერძოდ, აგრესორის მიერ ექსპორტირებულ ნავთობზე „ლიმიტირებული ფასის„ დაწესებით.
ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერე „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.