„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება

ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა.

„მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა.

„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა.

G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.