უკრაინული მედიის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტი რუსული ჯარების მიერ განადგურებულ ირპენს ეწვია.
„ომით განადგურებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი Irpin Lypky ჩემ უკანაა. ირპენის მერთან, ალექსანდრე ჰრიჰოროვიჩ მარკუშინთან ერთად, მე პირადად დავინახე ომის შედეგად დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა“, - წერს ვიდოდო სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
ხუთშაბათს, ინდონეზიის პრეზიდენტი მოსკოვში გაემზგავრება, სადაც პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.
როგორც ცნობილია, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი და G20-ის თავმჯდომარე ჯოკო ვიდოდო ივნისში ეწვევა უკრაინასა და რუსეთს.
ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში სამშვიდობო მიზნით ჩადის. „პჟემიშლის რკინიგზის სადგური, პოლონეთი, დავიწყე ეს სამშვიდობო მისია პირდაპირი მატარებლით უკრაინის დედაქალაქ კიევში“, - დაწერა ვიდოდომ Twitter-ზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.