NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს ერთიანი და მყარი პოზიცია ტერორიზმთან მიმართებით და ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მადრიდში NATO-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ბლოკმა მონდომება გამოიჩინა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში. რაც უნდა აისახოს რეალურ მოქმედებებში და არ დარჩეს ფურცელზე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, პოზიცია, რომელიც ანკარამ აჩვენა შვედეთთან და ფინეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, იმის მაჩვენებელია თუ სად გადის თურქეთისთვის „წითელი ხაზი“ ტერორიზმის საკითხში.
NATO-ს გაფართოების თემასთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი დეკლარაცია შვედეთთან და ფინეთთან არის თურქეთისა და თურქი ხალხის დიპლომატიური გამარჯვება მოლაპარაკებების რთული პროცესის შემდეგ".
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ამავე თემაზე