უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთი ვერ გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს, თუ მსოფლიოს მიერ დაწესებული ყველა სანქციები სრულად განხორციელდება. უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები შემოღებულია არამხოლოდ უკრაინის, არამედ, საერთაშორისო სამართლისა და სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევის გამო.
„ყველაფერს აქვს ძლიერი ეფექტი, როდესაც 100%-ით სრულდება. ამრიგად, ყველა სანქცია, რომელიც შემოღებულია, აძლიერებს მსოფლიოს პოზიციას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, რადგან ზოგიერთი ადამიანი ეძებს ბიზნეს გადაწყვეტილებებს და ა.შ. [...] თუ ყველა სანქცია 100%-ით განხორციელდება, გამონაკლისის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოსთვის ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რუსეთს ძალიან გაუჭირდება და ომს დაასრულებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„სანქციები უნდა გამკაცრდეს, რადგან რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ მათ [რუსებს - რედ.] უკრაინაში, არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.