5 ივლისს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქალაქ მიკოლაივში, კულტურის სახლს მოხვდა. ამის შესახებ მიკოლაივის მერმა ოლექსანდრ სიენკევიჩმა განაცხადა.
„დღეს დილით ერთ-ერთი რუსული რაკეტა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანში, კულტურის სახლს მოხვდა. შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს მერი.
გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა დასავლეთ უკრაინის თავზე სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული.
„დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა შავი ზღვიდან საზღვაო საკრუიზო რაკეტები გაისროლეს. საჰაერო სარდლობის, „დასავლეთის“ საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამი რაკეტა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.