რუსეთმა ომიდან 134- დღეს, უკრაინაზე თავდასხმებზე „პაუზა“ გამოაცხადა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის 134-ე დღეს, მოსკოვმა „ოპერატიული პაუზა“ გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსული ჯარები ამჟამად ატარებენ „ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად“. მოსკოვის მტკიცებით, საველე პუნქტებზე მიმდინარეობს სამხედრო მანქანების გეგმური მოვლა.

„სამხედროებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

ინფორმაციისთვის, 3 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მოახსენა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების წარმატებით განხორციელებული ოპერაციის შესახებ, რაზეც კრემლის ხელმძღვანელმა შოიგუს სამხედროებს დასვენებისკენ მოუწოდა, თუმცა მხოლოდ იმ ქვედანაყოფებზე მიუთითა, რომლებიც ლისიჩანსკის აღებაში მონაწილეობდნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.