უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის ქოლ-ცენტრმა 7200 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაარეგისტრირა. ამის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარმა ოლეჰ კოტენკომ განაცხადა. მისი თქმით, დაკარგული ჯარისკაცების უმეტესობა ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება. კერძოდ, ესენი არიან 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლები.
„ვიცით, რომ რუსეთში წაიყვანეს. ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი ადამიანია. თუ ასზე მეტია, მაშინ გვესმის, რომ თითქმის მთელი ბატალიონი ტყვეობაშია. მათთან კონტაქტი ჯერ კიდევ არ არის. ისინი დაკარგულებად ითვლებიან. საბოლოოდ, გაცვლის სიაში იქნებიან და სახლში დაბრუნდებიან. ეს ის შემთხვევაა, როცა დანამდვილებით ვიცით, რომ დაკარგულები ცოცხლები არიან“, - განაცხადა კოტენკომ.
„თუ სამხედროებზეა საუბარი, გავერკვეთ, ვინ არიან სამხედროები - ისინი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, არის უსაფრთხოების სამსახური (SBU), და ეს არის სხვადასხვა ინსტიტუტი. ისინი არ შედიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოცემულ ციფრში. უკრაინის შეიარაღებული ძალები 2000 დაკარგული ჯარისკაცის მონაცემებს გვაწვდიან. ჩვენმა ქოლ-ცენტრმა კი, დაარეგისტრირა 7200-მდე ადამიანი.
მაგალითად, აზოვის პოლკი არის ეროვნული გვარდიის ნაწილი [შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში] და ისინიც დაკარგულები არიან. აზოვსტალიდან წასვლისას ახლობლებს არ დაკავშირებიან“, - დაამატა კოტენკომ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.