ზელენსკი: მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას უკრაინელების ეშინია

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს მაინც არ აქვს გამბედაობა აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინის მიწიდან.

„რუსეთმა კარგად იგრძნო, რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და რომ უკრაინის მიწაზე, რომელიც ოკუპირებული აქვს, უსაფრთხო ზურგი არსად ექნება. რუსეთმა იგრძნო, რომ უკრაინელი მზვერავების ოპერაციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი ნებისმიერი სპეცოპერაცია და რუსი ჯარისკაცების საუბრების მოსმენიდან ვიცით, რომ მათ ეშინიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების. თითქმის ოცი კვირაა, მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას ეშინია უკრაინელების და რაღაცის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უძირო მარაგების საფუძველზე“, - განაცხადა ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.