უკრაინა: ხერსონის რეგიონის 44 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრო ბუტრიმ განაცხადა, რომ 44 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია. მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია შეთანხმებულია გენერალურ შტაბთან.

11 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ივანოვკა რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ავიაციის გამოყენებით მიიტანეს იერიში რუსეთის საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო-სამეთვალყურეო და რუსეთის ეროვნული გვარდიის საკონტროლო-სამეთაურო პუნქტებზე. მათივე ცნობით, განადგურებულია 38 რუსი სამხედრო, 4 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.