„ტერორისტების დაუსჯელობა სხვებს ახალისებს, ამიტომ, რუსეთს ახალი სანქციები რაც შეიძლება მალე უნდა დაუწესდეს“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე საჭიროა, შეიქმნას რუსეთის აგრესიის საკითხებზე სპეციალური ტრიბუნალი და კომპენსაციის მექანიზმი, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოს სახსრებს მიმართავს მათზე, ვისი განადგურებაც მას სურდა.
მისი აზრით, აბსოლუტურად აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაწესდეს ისეთი შეზღუდვები რუსული ენერგოექსპორტის მიმართ, რომელიც ტერორისტებს არ მისცემს საშუალებას, თავიანთი ხარჯები საერთაშორისო საზოგადოების ხარჯზე დაფარონ.
„და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ყველაფერი სჭირდება არამხოლოდ უკრაინას, არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა სიცოცხლეს რუსული ტერორი ემუქრება. ეს ყველას გჭირდებათ, მსოფლიოში ყველას, ვინც ოდნავ მაინც აფასებს ადამიანის სიცოცხლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვისას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.