დღეს უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ხერსონის რეგიონის ქალაქ ნოვა კახოვკასთან რუსული გამანადგურებელი, სავარაუდოდ, სუ-35 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ Facebook-ზე გაავრცელა.
„19 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნოვა კახოვკას მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი, სავარაუდოდ, სუ-35“, - ნათქვამია ანგარიშში.
სარდლობის ინფორმაციით, გამანადგურებელმა უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა. მათივე ცნობით, „მტრის თვითმფრინავის ჩამოგდება ვიზუალურად დადასტურებულია, პილოტი თვითმფრინავიდან გადმოვარდა“.
შეგახსენებთ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.