ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს.

„ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან“, – წერს ლიპავსკი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ.

„მოხარული ვარ, კვლავ დავბრუნდე უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. გამანადგურებელია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას“, – წერს შალენბერგი.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.