რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიესა და სამხრეთ ბუჰის მიმართულებით საჰაერო იერიშები განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ანგარიში გამოაქვეყნა.
უკრაინული მხარის ცნობით, მტერი აგრძელებს ფოკუსირებას ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებასა და ხარკოვის, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის რეგიონების ნაწილებზე, საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენასა და უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო კონტრშეტევის აღკვეთაზე.
„მტერმა სცადა შეტევა დოვჰენკი - დიბრივნეს, ბრაჟკივკა - ნოვა დმიტრივკას მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა და უკან დაიხია.
კრამატორსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა როზდოლივკას, ჰრიჰორივკას, ვერხნიოკამიანსკეს, დრონივკასა და სერებრიანკას სიახლოვეს. მტერი ცდილობს შეტევის დაწყებას სპირნე - ვესელეს მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება“, - აღნიშნავს უკრაინული მხარე.
მისივე თანახმად, ავდიივკის მიმართულებით, მტერმა დაბომბა ოპიტნეს, მარინკას, პისკის, ავდიივკის და ნეველსკეს ახლომდებარე ტერიტორიები. ცდილობდა თავდასხმითი ოპერაციების განხორციელებას რამდენიმე დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
„მტრის საზღვაო ჯგუფი შავი და აზოვის ზღვების წყლებში თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გემების დაბლოკვასა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტების და ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე.
უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები და ავიაცია აგრძელებენ საცეცხლე მისიების წარმატებით შესრულებას. მტერი განიცდის მკვეთრ დეფიციტს დანაყოფებში, რომლებიც სისტემატურად განიცდიან დანაკარგებს“, - იუწყება გენშტაბი.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.