უკრაინა თავის ტერიტორიაზე 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს

უკრაინა თავის ტერიტორიაზე 32000 სამხედრო დანაშაულს იძიებს. ამის შესახებ ქვეყნის ახალმა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, 160 რუს სამხედრო მოსამსახურეს უკვე აცნობეს ომის დანაშაულებში მონაწილეობის შესახებ (მათგან 15 უკრაინაში ტყვეობაშია), 21-ზე გამოძიება მიმდინარეობს და მალე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ცხრა რუს სამხედროს კი უკვე გამოუტანეს განაჩენი. 

კოსტინი თვლის, რომ ომის დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალია საჭირო. „სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად უკრაინისთვის ცენტრალური საკითხია. ეს იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება", - განაცხადა კოსტინმა. 

ანდრეი კოსტინი, უკრაინის გენერალური პროკურორი 4 აგვისტოს გახდა, ამ პოსტზე მან ირინა ვენედიქტოვა შეცვალა.

რუს სამხედროებს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო განაჩენი 8 აგვისტოს გამოუტანეს. ტანკისტ მიხეილ კულიკოვს 10 წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ ჩერნიგოვში საცხოვრებელ სახლს ნაღმი ესროლა. მან აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ხელმძღვანელების ბრძანება „დაუფიქრებლად“ შეასრულა. 


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.