უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ამჟამად, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება.
შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილო ზაბროდსკიმ Ukrinform-თან გააკეთეს.
„სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა, დიდი ხანია, გასცდა საშუალო ინტენსივობის ადგილობრივი კონფლიქტის კონცეფციას. ეს ეხება როგორც სივრცულ ინდიკატორებს, ასევე ჩართული სამხედრო ძალების რაოდენობას და იარაღისა და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ჩამონათვალს, რომელიც თან ახლავს ამ სამხედრო დაპირისპირებას.
ცალკე საკითხია აღნიშნული კონფლიქტის ხანგრძლივობა. ომის ხანგრძლივობა უკვე თვეებით იზომება. გარდა ამისა, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დრო 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება“, - ოფიციალური პირების სტატიაში.
ამავე სტატიაში ავტორებმა დაასახელეს რუსეთის ფედერაციის გლობალური პრობლემები, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის გეგმებს.
„ეს არის საერთაშორისო იზოლაცია, ნაწილობრივი ეკონომიკური ზეწოლა საერთაშორისო სანქციებით, სირთულეები საერთო მობილიზაციასთან დაკავშირებით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე გახდება რუსეთის ფედერაციისთვის“, - წერენ უკრაინის ოფიციალური პირები.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.