რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი არ იმოქმედებს უკრაინის არმიის ქმედებებზე და მისი კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება გაგრძელდება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა CNN-თან.
„ჩვენი არმიის ქმედებები თავდაცვითი ხასიათისაა, ისინი ლეგალური და ლეგიტიმურია. საერთაშორისო სამართალი ცალსახა და უდავოა: დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიეს ოლქი, ხერსონი და ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა. ჩვენი პარტნიორებიც ამ ძირითადი პრინციპიდან გამოდიან“, - განუცხადა პოდოლიაკმა CNN-ს.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი რეფერენდუმი უკრაინის ტერიტორიაზე, „აბსოლუტურად ძალადაკარგული“ იქნება.
მისივე თქმით, შემოთავაზებული „რეფერენდუმი“ რუსეთის არმიის დამარცხებასა და პუტინის გავლენის დაკარგვაზე რეაქციაა.
„რეფერენდუმები“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს გაიმართება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს.
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.