უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიტრო კულება ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარუდგენს. ამის შესახებ კულებამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ირანის ქმედებები არის სისასტიკე და სიცრუე, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით“, - განაცხადა კულებამ და დაამატა, რომ თეირანი ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინასთან ურთიერთობების განადგურებაზე.
„მას შემდეგ, რაც ირანი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიის და დანაშულის თანამონაწილე გახდა, ჩვენ დღეს გვექნება ძალიან მკაფიო და სამართლიანი პოზიცია. თუ ირანი შეწყვეტს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, ჩვენ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე", - აცხადებს დმიტრო კულება.
უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: არც ირანში და არც სხვაგან არ არის ისეთი იარაღი, რომელიც უკრაინელ ხალხს გატეხს
- ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ
თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.