პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რაკეტა რუსული წარმოების იყო.
„გამოძიება მოკავშირეებთან ერთად ჩატარდება. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ვინ გაუშვა რაკეტა. ეს არის რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ გამოძიება გრძელდება", - განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ შემდგომი მოვლენების ესკალაცია მოხდება. პოლონელი ჯარისკაცები ადგილზე არიან. ჩვენ გვაქვს მოკავშირეების მხარდაჭერა, ვალდებულებები სრულდება. ჩვენ ვმუშაობთ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა - ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ყველას ვთხოვ სიმშვიდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დუდამ.
უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.
რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.
აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.