ერდოღანი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე: არ მგონია, ამ ფაქტს კავშირი ჰქონდეს რუსეთთან

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი.

ამის შესახებ მან G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა „ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთი და უკრაინა გავაერთიანოთ ერთ მაგიდასთან, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.


უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.