პოდოლიაკი: დროა, ევროპამ უკრაინის ცა, თავისივე უსაფრთხოებისთვის დახუროს

უკრაინაში ომსა და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი.

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ  Twitter-ზე დაწერა. 

„უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდი რისკების უკან მხოლოდ რუსეთი დგას.

არ არის საჭირო მიზეზების ძიება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გადადება. დროა, ევროპამ უკრაინის ცა დახუროს. მათ შორის, მისივე უსაფრთხოებისთვის“, - წერს პოდოლიაკი.


უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.