შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი

სტოკჰოლმში ყურანის დაწვაზე თურქეთის რეაქციის მიუხედავად შვედეთი იმედოვნებს, რომ 2023 წლის ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება.

ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა. 

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სტოკჰოლმში 25 მუსლიმური ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ [თურქეთთან] შექმნილი ვითარების გამო პროცესი დორებით შეჩერებულია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანება 2023 წლის ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დამტკიცდება.

ბილსტრომის თქმით, შვედეთი ძალიან ახლოს არის თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის სამმხრივი შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებასთან.  

„ბოლო კვირას განვითარებულმა მოვლენებმა დროებით შეაჩერა ეს პროცესი, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ მემორანდიუმის შესრულების გარეშე ჩვენ ვერ შევასრულებთ სამუშაოს ნაწილს, ამიტომ ხელისუფლება იჩენს ძალისხმევას, რომ საკითხი დაიძრას“, - თქვა მინისტრმა. 

შემდგომში მინისტრის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ბილსტრომი არ გულისხმობდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.

თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო.

შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. 

შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან.

გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება".

სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.

NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია.