ევროკომისია: შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გაზრდის პოტენციალი აქვს

შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გაზრდის პოტენციალი აქვს, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსიამ Trend.az-ს განუცხადა.

ევროკომისიის წარმომადგენლის შეფასებით, სავაჭრო დერეფნების დივერსიფიცირება და ალტერნატიული საიმედო, ეფექტიანი მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შუა დერეფანმა ახალი აქტუალობა შეიძინა.

„ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, აზერბაიჯანის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - ამბობს გარსია.


ევროკომისიის სპიკერის შეფასებით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, ევროპასა და აზიას შორის გაზრდილ ვაჭრობას გაუმკლავდეს, თუ ძირითადი საკითხები, მათ შორის შეფერხებები, სიმძლავრის დეფიციტი და სხვა დაკავშირებადობის საკითხები, მაგალითად, როგორიცაა საბაჟოს საკითხი, საზღვრის გადაკვეთა და სხვა დოკუმენტაცია - ადეკვატურად, ყველა ძირითადი პარტნიორის ჩართულობით, კოორდინირებულად მოგვარდება.

აზერბაიჯანულ მედიას მირიამ გარსიამ ასევე განუცხადა, რომ ბაქოს პორტს აქვს პოტენციალი, გახდეს საკვანძო კავშირის ჰაბი, მაგრამ შემდგომი განვითარებაა საჭირო მისი შესაძლებლობების გასაზრდელად.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.