სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას რუსეთთან მაღალ დონეზე აქვს მოლაპარაკება, რათა თავიდან ქვეყანაში პრეზიდენტ პუტინის ჩასვლით მოსალოდნელი შედეგი აიცილოს. ამის შესახებ ადგილობრივი წამყვანი გამოცემა Sunday Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მისი დაპატიმრება მოუწევთ, ამიტომ, მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა ონლაინ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღოს.
25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს.
რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. 26 აპრილს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს.
უფრო ადრე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა.
BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი - სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. მარტის ბოლოს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
„სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია.
- ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს
- რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.