ვედანტ პატელი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე: საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში.

პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირდაპირი ავიარეისები მზარდი შეშფოთების საგანია არამხოლოდ შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან სანქციების ქვეშ მყოფ თვითმფრინავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო რუსეთს დაშორდა, მასთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

ავიამიმოსვლა უკვე 19 მაისიდან განახლდება და მოსალოდნელია თუ არა სანქციები, ვედანტ პატელმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეშფოთება მკაფიოდ გამოხატეს და მკაფიოდ განაცხადეს ისიც, რომ რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. ამიტომ, სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი შეშფოთება ხსენებული საკითხის მიმართ. ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები, რომ აგვეკრძალა რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა, ისევე, როგორც ეს ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ გააკეთა. ყურადღებით გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს  ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა რაიმე გზავნილი საქართველოში აქციების მონაწილეებისადმი, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აპროტესტებენ. პატელმა უპასუხა, რომ უკვე ნათქვამს ვერაფერს დაამატებდა.


10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.


რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადარომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები.


ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. 


„ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს.

მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.



იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან.

  • ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.