უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა ფრენები, ეკონომიკა და ვაჭრობა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან.
„11 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო არსებულ პროტესტს ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა. განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის 270 მილიარდი დოლარი.“
სიმართლეა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.
აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის.
თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად.
რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში. ევროსტატის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 9.5% იყო, 2023 წლის მარტში კი 1.9%. ნომინალურ გამოსახულებაში 21 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.4% იყო, 2023 წლის მარტში კი 12.2%. ნომინალურ გამოსახულებაში 96 მლნ დოლარიდან 151 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
2022 წელს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი კი არ შეადგინა, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, არამედ 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება.
რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენების აღდგენა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გაურთულებს.
საქართველოს მთავრობას ოფიციალურად დღემდე აქვს განცხადებული, რომ სურს ევროკავშირის წევრი გახდეს. უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შეაფერხებს, რადგან, ევროკავშირი ასპირანტი ქვეყნებისგან საგარეო პოლიტიკის გაზიარებას მოელის.
ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია „აზიმუტს“, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს.
„რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები.
ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.
„ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს.
- ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას
- ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია
„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს.
მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი.
Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან.
- ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.