NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, NATO კონფლიქტის მხარე არ ხდება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება გაწერილია გაეროს ქარტიაში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას ეს უფლება. გაეროს ქარტია და საერთაშორისო სამართალი უფლებას გვანიჭებს, დავეხმაროთ მათ აგრესიული ომის წინააღმდეგ თავის დაცვაში. NATO-ს ან NATO-ელ მოკავშირეებს ეს არ ხდის კონფლიქტის მხარედ, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი ამ აგრესიული ომის, პუტინის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს.
უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.
წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.
აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება.
კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას.
თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას.
განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს.
უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.
„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.
- აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN
- პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.