აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა კვირას „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ გამართეს. Reuters-ის თანახმად, ასე შეაფასა შეხვედრა ორივე მხარემ.
ხუთსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ტაივანი, ვაჭრობის თემა, სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა ხაზი გაუსვა, რომ ტაივანი ჩინეთისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ და „ყველაზე დიდი რისკია“ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და ღია კომუნიკაციის შენარჩუნების საკითხი, რათა არასწორი აღქმისა და არასწორი გათვლების რისკი შემცირდეს.
ამასთან, მდივანმა წამოჭრა არაერთი შემაშფოთებელი საკითხი, ისევე როგორც შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიოს თანამშრომლობის საერთო წერტილები ტრანსნაციონალურ საკითხე, სადაც აშშ-სა და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის ინტერესებსა, ღირებულებებს და იმუშავებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომგანავითაროს მისი ხედვა თავისუფალი და ღია მსოფლიოსთვის, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი.
მდივანმა სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი განი ვაშინგტონში დისკუსიების გასაგრძელებლად მიიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დაგეგმონ ორმხრივი ვიზიტი.
ბლინკენის შეხვედრები ოფიციალურ პირებთან პეკინში, 19 ივნისს გაგრძელდება. მანამდე კი, არცერთი მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული, ბლინკენის და მისი ჩინელი კოლეგის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.
CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს.
ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.
აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს.
კონტექსტი:
- პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო
- პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“.
გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.
ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას.
„მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ.
მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა.
უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.