პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გზავნის

Reuters-ის თანახმად, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გაგზავნის. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ბელორუსის საზღვარზე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს“. 

„ისინი შეუერთდებიან 5000 მესაზღვრეს და 2000 ჯარისკაცს, რომლებიც ამ საზღვრის უსაფრთხოებას იცავენ.

პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ შაბათს ბელორუსიდან პოლონეთში არალეგალურად გადასვლა 187-მა ადამიანმა სცადა.

კონტექსტი

გასულ კვირას ვარშავამ გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელორუსში გადასვლის გამო უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტა.

„ვაგნერის“ ბელორუსის ტერიტორიაზე ყოფნის გამო, პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ.

ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება.


ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, NATO მეორე სამიტს მადრიდის შემდეგ, ვილნიუსში ჩაატარებს. ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან. ლიეტუვა განსაკუთრებულად ემზადება და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვეყანამ ამ მიზნით უკვე გამოყო 3000 ჯარისკაცი. პარალელურად, გერმანია კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს.

სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია.

მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“.

ამის პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს.


გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს.


გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.

პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას მოითხოვდნენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

ასევე გაეცანით: