შავი ზღვა არ ეკუთვნის რუსეთს, რადგან სხვა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ასევე არიან იქ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, 21 ივლისს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ასპენის უსაფრთხოების მე-14 ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ ვეძებთ გზებს (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განბლოკვისთვის - რედ.). ჩვენ ვესაუბრეთ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, მე პირადად ვესაუბრე მას. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რათა განმეხილა შექმნილი კრიზისი.
შავი ზღვა რუსეთის ფედერაციას არ ეკუთვნის: არიან უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ჩვენ ვსაუბრობთ შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს არსებითი პრაგმატული ადამიანური ურთიერთობები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ურთიერთობა ყველასთან, რუსეთის გარდა. რუსეთს მიაჩნია, რომ შავი ზღვა არის წმინდა რუსული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს, არ დაკარგოს ერთიანობა, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის დღევანდელ რეალობაში.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.