ISW: არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ბელორუსში „ვაგნერს“ თავდასხმისთვის საჭირო ძალები ჰყავს

პოლონეთმა და უკრაინამ, რომლებიც ბელორუსთან საზღრებს იზიარებენ, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლების ყოფნისა და დაქირავებული ჯარისკაცების მიერ ბელორუსის ბაზიდან შეტევის დაწყების შესაძლებლობის გამო, შეშფოთება, გამოთქვეს.

ბევრმა რუსმა დაქირავებულმა, გასულ თვეში, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით დაწყებული ხანმოკლე „აჯანყების“ შემდეგ, ბელორუსში გაქცევა გადაწყვიტა.

ისინი ახლა სამხრეთ ბელორუსში მდებარე სამხედრო ბანაკში იმყოფებიან და ქვეყნის სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს წვრთნიან იმ პოლიგონებზე, რომლებიც პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.


თუმცა, ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) თავის შეფასებაში წერს, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ მებრძოლებს აქვთ ისეთი მძიმე შეიარაღება, რომელიც აუცილებელია სერიოზული შეტევის განსახორციელებლად უკრაინის ან პოლონეთის წინააღმდეგ.“

„ვაგნერის“ ძალები ბელორუსში, არ წარმოადგენენ სამხედრო საფრთხეს პოლონეთისა და უკრაინისთვის, ვიდრე ისინი არ არიან აღჭურვილნი მექანიზებული აღჭურვილობით. ისინი ასეთ შემთხვევაშიც არ წარმოადგენენ NATO-სთვის მნიშვნელოვან საფრთხეს,“ - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ისტიტუტი.


შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც.

რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.