უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად.
მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლებას დაასრულებენ. 42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - წერს ზელენსკი.
შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.
თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული.
განცხადების თანახმად, დანია იმუშავებს სხვა ქვეყნებთან, შეუერთდნენ კოალიციას და წვლილი შეიტანონ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.